UNECE საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება
8 ოქტომბერი 2019
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებული ურბანული განვითარების, საცხოვრისის და მიწის მართვის კომიტეტის მე-80 სესიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე მონაწილეობდა.
ნინო გვენცაძე 2016 წლიდან UNECE - ს ბიუროს წევრია.
ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც 3 დღის განმავლობაში ჟენევაში მიმდინარეობდა, ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორიცაა შესაფერისი, ხელმისაწვდომი და ჯანმრთელი საცხოვრისი ყველასათვის, ურბანული განვითარება, ჭკვიანი მდგრადი ქალაქები, მიწის მართვა და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობა.
სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გაცვალეს მოსაზრებები და გამოცდილება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის არსებულ გამოწვევებსა და წარმატებულ პრაქტიკაზე.
„ფაქტებზე დაყრდონობილი პოლიტიკა - მდგრადი საცხოვრისისა და ურბანული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში კომიტეტმა შეარჩია ოთხი ქვეყანა (UNDA 10th tranche project): ალბანეთი, საქართველო, ყირგიზეთი და უკრაინა. სესიაზე ნინო გვენცაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების შესახებ.
სხვადასხვა აქტივობის სახით, UNECE შერჩეულ ქვეყნებს მომავალში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაეხმარება, ესაა - ქალაქებისა და დასახლებების იმგვარი მართვა, რაც უფრო მეტ ინკლუზიურობას, უსაფრთხოობას და მედეგობას უზრუნველყოფს.